Saturday, June 6, 2009

დავდნით და ეგაა


ისე ჩამოცხა ჩვენთან, მეც ვიფიქრე ერთ კაი გემრიელ ბლოგს შევქმნი-მეთქი. რა არი საჭირო ბლოგისთვის? სიყვარული, ჩახუტება და კლავიატურა, რომლის კლავიშებშიც საჭმლის ნარჩენები არაა ჩარჩენილი. სიყვარული და ჩახუტება ცოტა გადავდოთ და დავიწყოთ კლავიატურით. ამოვაბრუნოთ და კარგად დავფერთხოთ. ეხლა თითქმის ყველაფერი მზადაა, სიყვარული თავისი ჩახუტებიანად დავიტოვოთ ჯერჯერობით გულში, მერეც გამოგვადგება. მოკლედ, დაცხაო, როგორც დასაწყისში ვთქვი და ბაზარში სიარულიც გაჭირდა ცოტა არ იყოს. მარა ოჯახის მოსამარაგებლად რას არ იზამ კაცი?! ერთი ორი კილო ალუჩა, ცოტა მარწყვი და რა თქმა უნდა გულში შენახული ცოტაოდენი სიყვარული და ჩახუტება. ბაზარში რას არ მოისმენს ადამიანი . მარა განსაკუთრებულად ფამილარული გამოვლინებები მაინც დაგიამებს ამ ისედაც სიყვარულით და ჩახუტებით გაჟღენთილ გულს. ძალიან გამიხარდა როცა ერთმა ულვაშიანმა ბიძამ, რომელიც კარგად ”მოსუქებულ” მარწყვს მთავაზობდა, გულმოწყალედ გაიზიარა ჩემი დარდი ”ვდნებით ბატონო, ვდნებით”. ამოვედი სახლში და დამ წამლად ცივი ყავა და ნაყინი მომიმზადა. მიშველა. ებრძოლეთ სიცხეს ცივი ყავით და ნაყინით და რა თქმა უნდა, გულში უკვე ფესვებ გადგმული სიყვარულითა და ჩახუტებით. თუ ამანაც ვერ გიშველათ, რას ვიზამთ, ჩვენ კი არა, აგერ მყინვარები დნებიანო, ამბობენ. თუ ბაზარში გაივლით და დამჟღნარ მარწყვს შემოგაპარებენ, თუ სიცხე ისე შეგაწუხებთ, რო სიყვარულს და ჩახუტებას უკანა პლანზე გადაწევთ, თუ თქვენი კლავიატურის სიღრმეებშიც დაიბუდა კარიესმა, თუ ერთპიროვნულად ეთანხმებით ულვაშებიანი ბიძიას ნათქვამს, ნუ იდარდებთ! ჩვენ კი არა, დედამიწა დნება აგერ!

1 comment: